2010 წლის 27 დეკემბერს გმირთა მემორიალთან დაწყებული ომის ვეტერანთა შიმშილობის აქცია მერვე დღეს დარბევითა და ომის ვეტერანების დაკავებით დასრულდა. 20 მოშიმშილე საპროტესტო აქციის შეწყვეტას 2011 წლის 6 იანვარს გეგმავდა. მოშიმშილეთა აქციის ძირითადი მოთხოვნა სოციალური საკითხებით შემოიფარგლებოდა. ისინი ხელისუფლებისაგან დასაქმებასა და ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვდნენ. მოშიმშილეებთან ხელისუფლებიდან არავინ მისულა. აქცია სანქცირებული იყო თბილისის მერიის მიერ. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინიტროს სხვადასხვა დანაყოფების ათასამდე წარმომადგენელმა 3 იანვარს შეკრება ძალის აშკარა გადამეტებით, განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით დაშალა და აქციის თერთმეტი მონაწილე დააკავა.
სახალხო დამცველმა ლაშა ტუღუშმა, რომელმაც შეისწავლა მშვიდობიანი აქციის დარბევის დეტალები, განაცხადა, რომ მოშიმშილე ვეტერანების აქცია ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. ვეტერანების მხრიდან არ დაფიქსირებულა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები. პირიქით, როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სამართალდამცავები და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აყენებდნენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება პოლიციის მხრიდან. პირველი ის, რომ პირები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ და შეუძლებელი იყო იმის იდენტიფიცირება, რომ ისინი პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ, იყენებდნენ ფიზიკურ ძალას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
მეორე პრობლემაა ის, რომ დააკავეს ადამიანები, რომლებსაც აშკარად არაფერი არ დაურღვევიათ და მათი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა; და მესამე ის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, მაშინ როდესაც ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს იქ მყოფ პირებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა კანონის დარღვევა იყო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან და ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ მათი პასუხისგებაში მიცემა.
“აქციის დაშლიდან მეორე დღესვე სასამართლომ თერთმეტივე დაკავებულს 400 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა და დარბაზიდან გაანთავისუფლა. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის არაერთგზის მოთხოვნა ენახა აქციის დაშლის დროს გადაღებული ვიდეომასალა. სასამართლო ასევე არ დაინტერესებულა აქციის მონაწილე ეკა მათიაშვილზე პოლიციელის თავდასხმის ფაქტით(კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე). აგრეთვე იმ ფაქტით, რომ დაკავებულთაგან ორს - იამანიძესა და თოფურიას, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.
მას მერე მესამე წელი გადის და მოშიმშილე ომის ვეტერანთა მშვიდობიანი აქციის დარბევის არცერთი მონაწილე ჯერაც არ არის დასჯილი, არადა ინერნეტი სავსეა ამ სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებით, რომლებშიც ნათლად და გამოკვეთილად არის დაფიქსირებული დამნაშავეთა სახეებიც და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც.
32 ათასი ომის ვეტერანი მოთმინებით ელის სახელმწიფოსაგან ამ ფაქტზე რეაგირებას და სამართლიანობის აღდგენას.