500 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისათვის
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება
16.12.20013
16.12.20013
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 16 დეკემბერს გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება:
"2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით უნდა დაენიშნოს: 1) "საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; 2) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისათვისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია პროპორციული განაწილების წესით ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის შემდეგ წევრებს: მშობლებს, მეუღლეს, შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილებს. მოქალაქეებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პირთა წრეს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.კომპენსაცია ინიშნება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. |
საჭირო დოკუმენტებია: "საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებებლი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებებლი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა" |